პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებში კონკრეტული ფაქტები არ ჩანს და ის, მისი შეფასებით, პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად სახელმწიფოზე თავდასხმას აგრძელებს.

მახაშვილი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ყოფილი პრემიერი სასამართლო პროცესებს „პოლიტიკურ მასკარადს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სხდომებზე დასწრებას აღარ აპირებს.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ მისი წერილებიდან, ეს არის აბსოლუტურად ცარიელი სიტყვები და ნული ფაქტი. საზოგადოებამ დაინახა, რომ მეორე მხარეს დგას არაერთი მოწმე, არაერთი დოკუმენტი, ფაქტი. ის, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, გააგრძელებს ამ ტიპის იერიშს სახელმწიფოზე იმგვარად, რომ პრევენციულად თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მახაშვილმა.

მისი თქმით, თანამდებობის პირებს, რომლებიც საჯარო რესურსებსა და ფინანსებს ბოროტად იყენებენ, საბოლოოდ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.

„განურჩევლად თანამდებობისა, სახელისა და გვარისა, რომლებიც ბოროტად იყენებენ საკუთარ პოზიციას, საჯარო რესურსებს, საჯარო ფინანსებს, ადრე თუ გვიან, კანონი აუცილებლად მივა და მათ მოუწევთ კანონის და ხალხის წინაშე პასუხისგება“, – აღნიშნა მან.

მახაშვილის განცხადებით, თუ ირაკლი ღარიბაშვილს საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აქვს, მას სასამართლოში მისი წარმოდგენის შესაძლებლობა აქვს.

„თუ რამე იცის, მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, არც წერილობითი ფორმით, არც სატელევიზიო ფორმით. სასამართლოზე შეუძლია რომ მობრძანდეს და წარმოადგინოს. ერთი მხრივ გვესმის მისი ცარიელი სიტყვები, მეორე მხრივ არიან კონკრეტული მოწმეები და არის უამრავი კონკრეტული მტკიცებულება“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან კიდევ ერთი წერილი გაავრცელა, რომელშიც სასამართლო სხდომებს „პოლიტიკურ მასკარადს“ უწოდებს და აცხადებს, რომ პროცესებში მონაწილეობას აღარ აპირებს.

„აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში, მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!“ – წერს ღარიბაშვილი.