თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელი სექტემბრიდან დედაქალაქში საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი სქემის ფარგლებში რამდენიმე ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება. ასევე, განისაზღვრა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც მძღოლები თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მისვლას შეძლებენ.
„პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც – ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ მონაკვეთში.
ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, 9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე, ასევე შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბესიკის ქუჩის მონაკვეთი ჟვანიას ქუჩის კვეთიდან შევჩენკოს ქუჩის კვეთამდე ცალმხრივი იქნება. ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება შევჩენკოს ქუჩაზეც, ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით.
ლერმონტოვის ქუჩაზე მოძრაობა კვლავ ცალმხრივი დარჩება, თუმცა მიმართულება შეიცვლება. მძღოლებს ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის ქუჩის გავლით შალვა დადიანის ქუჩაზე გადაადგილება შეეძლებათ.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მისასვლელად ორი ძირითადი მიმართულება იქნება შესაძლებელი. პირველი მარშრუტი თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით 9 აპრილის ქუჩაზე, შემდეგ კი ჟვანიას, ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩების მიმართულებით გაგრძელდება.
მეორე მიმართულებით, მძღოლები ჭონქაძისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩებიდან მთაწმინდის ქუჩაზე, შემდეგ კი არსენას ქუჩის გავლით ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს დაუკავშირდებიან.
მერიის ცნობით, შევჩენკოს ქუჩიდან უკან დაბრუნება ჟვანიას, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული მარშრუტიდან მძღოლები ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებით ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩებს, ასევე თავისუფლების მოედანს დაუკავშირდებიან.
კახა კალაძის განცხადებით, დროებითი მოძრაობის სქემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მძღოლებისთვის სოციალური პლატფორმებისა და ტელევიზიის საშუალებით გავრცელდება.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, თუმცა, მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც ნოემბრის ბოლომდე იგეგმება, დედაქალაქი განახლებულ გამზირს მიიღებს.