„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებელი“ შეგზავნაზე უარს გამოხატვის თავისუფლების დარღვევად და ცენზურის გამოვლინებად აფასებს.
საიას განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წიგნის დაუშვებლად მიჩნევის არგუმენტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თავისუფლებააღკვეთილი პირების გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის ინფორმაციის მიღების უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუ შეზღუდვა კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
საია აღნიშნავს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა წიგნის პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვებაზე უარის მიზეზად მისი სათაურისა და შინაარსის შესაძლო ბუნდოვანება დაასახელა.
„ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებელი“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, რის გამოც მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხში.
უწყების განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შეიტანენ „გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურას“, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბრალდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებას ან დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
საიას შეფასებით, მსგავსი არგუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს უფლებაში ჩარევის აუცილებლობის სტანდარტს. ორგანიზაცია მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც პატიმრებისთვის პუბლიკაციების გადაცემაზე უარის თქმისას სახელმწიფომ კონკრეტული და საკმარისი საფუძვლები უნდა წარმოადგინოს.
„ევროპული სასამართლოს განმარტებით, პუბლიკაციის შესაბამისი მონაკვეთები მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მათზე უნდა ჩატარდეს ისეთი ანალიზი, რომელიც გამოავლენს კონკრეტულ კავშირს დაცენზურებულ შინაარსსა და შესაბამის კრიტერიუმებს შორის“, – აცხადებენ საიაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ წიგნის სათაურის „ბუნდოვანებაზე“ მითითება ვერ იქნება მისი აკრძალვის საფუძველი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მხატვრულ ლიტერატურასა და არტისტულ გამოხატვას ეხება.
საია ასევე აღნიშნავს, რომ ლაშა ბუღაძის „დამკვირვებელი“ დისტოპიური რომანია, რომელიც საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მმართველობას აღწერს. ორგანიზაციის ინფორმაციით, წიგნი 2026 წლის მარტში, ბიბლუსის ერთ-ერთ ფილიალში, სხვა წიგნებთან ერთად ვანდალიზმის სამიზნე გახდა.
საიას შეფასებით, აღნიშნული გარემოებების ფონზე, პენიტენციური სამსახურის პოზიცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია და შესაძლოა, წიგნის ანტიავტორიტარული შინაარსის გამო მის პოლიტიკურ ცენზურაზე მიუთითებდეს.