ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ახსარ ჯიოევის განცხადებით, ცხინვალთან ურთიერთობების მოგვარება საქართველოს ინტერესებში შედის.

ამის შესახებ ჯიოევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ „ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას“ კვლავ არ აღიარებს.

„საქართველო ჯერ კიდევ არ იღებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ორი ახალი სახელმწიფოს აღიარება და მათთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარება მის ინტერესებშიც შედის“, – განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობის შესახებ გაკეთებული განცხადებების პარალელურად, არსებობს ისეთი რიტორიკაც, რომელსაც, მისი შეფასებით, ხშირად პროვოკაციული ხასიათი აქვს.

ჯიოევის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს საკითხი აქტუალურია იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

„ნათელია, რომ ქართული მხარის მსგავსი პოზიცია რეგიონში ნდობის აღდგენისა და სტაბილურობის განმტკიცების ზომებს ხელს არ უწყობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში თანასწორობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგს მხარს ვუჭერთ“, – აღნიშნა ჯიოევმა.