დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, მოქალაქეთა გაერთიანება „ანტიანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა. ღონისძიებაზე პლატფორმის დამფუძნებლებმა დეკლარაცია მიიღეს სახელწოდებით – „არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას – დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.

პლატფორმის წევრების განცხადებით, გაერთიანება ზეპარტიული და აპოლიტიკურია და მზად არის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებზე ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ პლატფორმის მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედება, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა.

გაერთიანების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დასახელებულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის სამართლებრივი შეფასება და ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა.

პლატფორმა ასევე გეგმავს სამართლებრივი და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით კვლევების ჩატარებას, კონფერენციებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

დეკლარაციის მიხედვით, გაერთიანება მხარს უჭერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმების ლიდერებისა და ანექსიის პროცესში ჩართული პირების მიმართ საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებასა და მიზნობრივი სანქციების დაწესებას.

„ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებლები არიან: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნოდარ ხარშილაძე, აკია ბარბაქაძე, კახა გოგიძე, პაატა დავითაია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, გიორგი მელაშვილი და ირაკლი ტაბლიაშვილი.

დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ პლატფორმისთვის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის და ის სამართლიანობის, ადამიანის ღირსების, ისტორიული სიმართლისა და მომავალი თაობების უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება.

„არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას – დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!“ – ნათქვამია დეკლარაციაში.