„ანტიანექსიური პლატფორმა“ ყველასთვის ღია და აპოლიტიკური გაერთიანებაა და იმედი გვაქვს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, – ამის შესახებ პლატფორმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პლატფორმის მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის საფრთხეებზე საზოგადოების კონსოლიდაციაა.
„ჩვენ გვაერთიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, გაერთიანდნენ ჩვენი ძალისხმევის გარშემო და ხმა ამოვიღოთ იმ პრობლემის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ჰქვია“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.
მისივე თქმით, პლატფორმა პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელია და მასში მონაწილეობა ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს შეუძლია.
„ყველასთვის ღიაა, ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია. ხელისუფლება რა ნაბიჯს გადადგამს, არ ვიცი, თუმცა იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელიც გაერთიანდება ჩვენს პლატფორმაში“, – აღნიშნა ჩაჩიბაიამ.
ჩაჩიბაიას შეფასებით, საქართველოს მიერ გატარებულმა დაბალანსების პოლიტიკამ მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან, მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკა კვლავ აგრესიულ პრინციპებზეა დაფუძნებული.
მისი განცხადებით, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ ყოფილა.
„ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ ოკუპაციას, ადმინისტრაციული ტერიტორიების შემოღობვას და ხშირად გვესმის აგრესიული რიტორიკა. სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ნორმალიზაციისკენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან შედეგები, ფაქტობრივად, ნულის ტოლფასია“, – განაცხადა მან.
ჩაჩიბაიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ პასუხი სამხედრო გზით კი არა, საზოგადოებრივი კონსოლიდაციითა და მშვიდობიანი ფორმებით უნდა გაეცეს.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე რთულ ვითარებას ქმნის დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებაც. ჩაჩიბაიას შეფასებით, დაბალანსებული პოლიტიკა დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობების პარალელურად შენარჩუნებას გულისხმობს, თუმცა დღეს საქართველოსთვის „დასავლეთის კარები, ფაქტობრივად, დაკეტილია“.
ჩაჩიბაიამ ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისას ქვეყნის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებაა აუცილებელი.