სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოში არაერთ მოწმეს დაკითხავს, მათ შორის ლილუაშვილის დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც, მისი თქმით, დაადასტურებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლისას ყველა ვიზიტორი მოწმდებოდა.

როგორც ცერცვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მოწმეები დაადასტურებენ, რომ ლილუაშვილთან რომეო მიქაუტაძე ე.წ. 14-კილოგრამიანი ხელბარგით არ მისულა.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის თანამშრომლებს მიქაუტაძე ლილუაშვილის კაბინეტში არ უნახავთ.

„ჩვენი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილთან უნდა მოხვედრილიყო, აუცილებლად მოწმდებოდა. წარმოუდგენელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ვიზიტორი უსაფრთხოების შესაბამისი კონტროლის გარეშე შესულიყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, დაცვის მხარის მიერ გამოკითხულ თანამშრომელთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათ რომეო მიქაუტაძე ლილუაშვილის კაბინეტში არასდროს უნახავთ.

ცერცვაძე ასევე გამოეხმაურა კითხვას, ელოდება თუ არა ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მისი ყოფილი მოადგილის, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ლევან ახობაძის მხრიდან. ადვოკატის განცხადებით, ახობაძის საქმის მასალებს არ იცნობს და იმედოვნებს, რომ იგი სასამართლოს ცრუ ინფორმაციას არ მიაწვდის.

შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.