ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა და მათი დარწმუნება მოუწია, რომ პოლიტიკიდან წასვლა მისთვის უკეთესი იყო.

„შეიძლება ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, მაგრამ მართლა ჩემი გულწრფელი სურვილი იყო. ამ ეტაპზე მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, თუმცა თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში მიიღებს და გამორიცხავს პოლიტიკაში ეტაპობრივად დაბრუნებას.

„რომ მეფიქრა, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ასეთი ჩემ გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მან.

მდინარაძის განცხადებით, თანამდებობიდან წასვლამდე გუშინ, გვიან საღამოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, დღეს დილით კი – ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენ სამ ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავიწიო, შესაბამისი ასაკის შვილები მყავს, რაც შეიძლება გარეთ დამაჯერებლად არ ჟღერდეს.

ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად იყო ჩემი ინიცირებული. ასევე, შემიძლია გითხრათ, ბატონი ირაკლისა და ბატონი ბიძინასგან თავიდანვე არ იყო ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ მანამდე განაცხადა, რომ პოლიტიკაში გატარებული 10 წლის შემდეგ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს.