სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სახელმწიფო ბრალმდებლის, ანი ლეკიაშვილის განმარტებით, საქმე მაღალი თანამდებობის პირის ბრალდებას ეხება და პროცესზე დასაკითხი არიან მოწმეები, რომელთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნითაც სხდომის დახურვა იყო საჭირო.

დაცვის მხარე პროცესის დახურვას არ დაეთანხმა და სხდომის საჯარო რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა. თავად ლევან ახობაძემ მოსამართლის კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა მისი ადვოკატების პოზიციას, დადებითი პასუხი გასცა.

სხდომის დახურვამდე ახობაძემ დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ახლობელს მიმართა, რის გამოც მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა და განუმარტა, რომ სასამართლო დარბაზში მსგავსი გადაძახილები დაუშვებელია.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს. ასევე გადაიხედება ახობაძისთვის შეფარდებული პატიმრობა და გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად.

ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ვერსიით, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეწარმეს შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა და სანაცვლოდ 500 000 ლარი მოითხოვა. საბოლოოდ, მხარეები 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნასა და მიღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.