რუსეთი 2026-2027 წლებში დამატებით 600 000 სამხედროს მობილიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის გეგმა მიმდინარე წლის ბოლომდე 300 000, ხოლო 2027 წელს დამატებით 300 000 ადამიანის მობილიზაციას ითვალისწინებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას ფრონტზე შექმნილ ვითარებას უკავშირებს. კერძოდ, საუბარია რუსეთის მიერ ომში ინიციატივის დაკარგვაზე, მზარდ დანაკარგებსა და რეგიონებში სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გაწვევის ტემპის შენელებაზე.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა დაახლოებით 240 000 ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში რუსეთმა დაახლოებით 232 000 სამხედრო გაიწვია.

უკრაინული მხარის შეფასებით, არსებული დინამიკა რუსეთისთვის დამატებითი მობილიზაციის აუცილებლობას ზრდის.