რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორ ჯონ რეტკლიფთან შეხვედრა დაადასტურა.

ნარიშკინის განცხადებით, შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და მასში „უჩვეულო არაფერია“.

მისი თქმით, მხარეებმა სადაზვერვო სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს.

„სპეცსამსახურების საქმიანობის პრაქტიკაში ხელმძღვანელების შეხვედრები, იქნება ეს პირისპირ თუ ონლაინ ფორმატში, ჩვენი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია“, – განაცხადა ნარიშკინმა.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს თითქმის ყოველ კვირას ხვდება და, შესაბამისად, რეტკლიფთან შეხვედრაც ჩვეულებრივ სამუშაო ფორმატში შედგა.