თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ედება ბრალად.

სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი 20 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას სთავაზობდა სასამართლოს.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოტივად ბრალდებულის მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს ასახელებდა.

დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნული საფრთხეები თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან მოსალოდნელი არ არის. ადვოკატი ასევე არ იზიარებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ელიზბარაშვილი მომხდარი კონფლიქტის ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა.

ადვოკატის მტკიცებით, თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი არ ჰქონია, „ხოლო ხელი გულის მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წაიღო”.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა.

უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა.

პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.