გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალი პროექციის გამოყენების ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომლის მიზანიც ქვეყნებისა და კონტინენტების ზომების უფრო რეალისტურად წარმოჩენაა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ასამბლეამ აფრიკის კავშირის ქვეყნების მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი 164 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მხოლოდ აშშ-მა მისცა, ექვსმა ქვეყანამ კი, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა.

მიღებული რეზოლუციის პროექტი იმ კარტოგრაფიული მიდგომის შეცვლას ითვალისწინებს, რომელიც მერკატორის პროექციის სახელითაა ცნობილი და მსოფლიოს რუკების უმეტესობის საფუძველს წარმოადგენს.

CNN-ის ცნობით, მერკატორის პროექციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ იგი ქვეყნების რეალურ ზომებს დამახინჯებულად წარმოაჩენს. კერძოდ, რაც უფრო შორს არის ქვეყანა ეკვატორისგან, მით უფრო დიდი ჩანს იგი რუკაზე.

ამის თვალსაჩინო მაგალითია გრენლანდია, რომელიც მერკატორის პროექციაზე სამხრეთ ამერიკაზე დიდი და დაახლოებით აფრიკის კონტინენტის ზომის ჩანს, მაშინ როდესაც რეალური ფართობებით მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.