აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან უკრაინასა და რუსეთში თავისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გაგზავნა.
„მე გავგზავნე სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ორი შესანიშნავი მომლაპარაკებელი. მათ შესანიშნავი სამუშაო გაწიეს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, მიაქვთ თუ არა კუშნერსა და უიტკოფს ახალი შეთავაზებები, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მიაქვთ წინადადებები, რომ დაასრულონ ომი”.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი შეფასებით, პრეზიდენტობის პერიოდში რვა ომი დაასრულა და აღნიშნა, რომ ამ საქმიანობისთვის ნობელის პრემია არ მიუღია.
„რვა ომი დავასრულე. იმედი მაქვს, ჩემით ამაყობთ. ამისთვის არანაირი დამსახურება არ მიმიღია. რვა ომი დავასრულე და ნობელის პრემია მივიღე? არა“, – აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის არსებულ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ მათ შორის „პიროვნული პრობლემა“ არსებობს.
„რუსეთ-უკრაინას შორის პიროვნული პრობლემაა. ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. იცით, რა არის სიძულვილი? მათ სერიოზული სიძულვილი აქვთ. სიძულვილი მათ გზაზე ეღობება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპს ჰკითხეს გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში რუსული დრონის აღმოჩენასთან დაკავშირებით და დაინტერესდნენ, მიიჩნევს თუ არა ის აღნიშნულ ფაქტს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმად.
„მე პუტინს ვესაუბრები; მას ძალიან კარგად ვიცნობ. პუტინი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.