უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს. ამის შესახებ უკრაინული მედია, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება.
გავრცელებული ცნობების თანახმად, უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფებს მითითება აქვთ, რომ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე დაიცვან.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დაგეგმილ ვიზიტებს მოსკოვსა და კიევში. ისინი რუსეთისა და უკრაინის დედაქალაქებს 5-6 სექტემბერს ეწვევიან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის პერიოდში უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებს.
ამასთან, The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინასა და რუსეთს სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.