უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო ამოცანების შესრულებას აგრძელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს, ვინაიდან რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივი ან ასიმეტრიული ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამჟამად თავდაცვითი ოპერაციის ამოცანები სრულ რეჟიმში ხორციელდება“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების სამმართველომ.

უკრაინული მხარის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს.

გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული რეჟიმი 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე უნდა მოქმედებდეს.