შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, კიდევ ერთი არასრულწლოვანი კი ამხილეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნები თბილისში ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით თავს დაესხნენ. მათ მძღოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, თანხა წაართვეს და ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა. მეორე არასრულწლოვნის მიმართ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნები, ცივი იარაღით თბილისში თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო მეორე არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.