რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
უშაკოვის ინფორმაციით, ამერიკელი წარმომადგენლები მოსკოვში ვიზიტისთვის მომზადებულები ჩავიდნენ და შეხვედრაზე საბრძოლო მოქმედებების სწრაფად დასრულების სურვილთან ერთად, შეთანხმების მიღწევის რამდენიმე შესაძლო იდეა წარმოადგინეს.
„ამერიკელი წარმომადგენლები ამ ვიზიტისთვის სერიოზულად მოემზადნენ. მათ არა მხოლოდ გამოხატეს ტრადიციული ინტერესი საბრძოლო მოქმედებების სწრაფი დასრულების მიმართ, არამედ გამოკვეთეს რიგი იდეები შეთანხმების შესაძლო გზებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს კონკრეტული იდეების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. მისი შეფასებით, შეხვედრა დროული იყო და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი აღმოჩნდა.
„შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო“, – განუცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, პუტინთან საუბარი შინაარსიანი და ნდობაზე დაფუძნებული იყო. რუსეთის პრეზიდენტმა, უშაკოვის განცხადებით, კვლავ გაუსვა ხაზი მოსკოვის პოზიციას, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის აუცილებელია მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა.
ამასთან, პუტინმა შეხვედრაზე შეაფასა ვითარება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ და ყურადღება გაამახვილა რუსეთის არმიის წინსვლაზე.
უშაკოვის განცხადებით, უიტკოფმა და კუშნერმა ასევე დაადასტურეს, რომ კიევში დაგეგმილი შეხვედრებისას რუსეთის პრეზიდენტისგან მიღებულ ინფორმაციასა და შეფასებებს გაითვალისწინებენ.
„სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პირობა დადეს, რომ კიევში კონტაქტების დროს იმ დაკვირვებებსა და შეფასებებს გამოიყენებენ, რომელიც პირადად პირადად ჩვენგან, რუსეთის პრეზიდენტისგან, მიიღეს“, – აღნიშნა უშაკოვმა.
შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხთან ერთად ეკონომიკური თემებიც იყო. მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობებისა და შესაძლო ერთობლივი პროექტების საკითხებიც განიხილეს.
პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა კრემლში გაიმართა და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უიტკოფმა და კუშნერმა რუსეთი დატოვეს. ისინი დღეს კიევში ჩავლენ, სადაც უკრაინის მხარესთან კონტაქტები იგეგმება.