ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი საქართველოში პატიმრების საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა, რასაც, მისი შეფასებით, არაერთი პრობლემა მოჰყვა.
„ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. ამ ყველაფერმა საპატიმრო დაწესებულებებში მრავალი პრობლემა გამოიწვია, მაგალითად, პატიმრებს არ მიეწოდებათ ღირსეული საკვები, ასევე ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ, არ აქვთ ღირსეული და სწრაფო სამედიცინო მომსახურება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო – დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია“, – განაცხადა ტყეშელაძემ.
მისი თქმით, შეწყალების არსებული მექანიზმი აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ადამიანების მდგომარეობა დამატებით ყურადღებას საჭიროებს.
„შეწყალების აქტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მეორე მხრივ კი, პატიმრები საპყრობილეში გამოკეტილები არიან და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვთ. მათ ასევე სახლში ელოდებიან არასრულწლოვანი შვილები, მოხუცი მშობლები და ერთი სული აქვთ, ეს ადამიანები ერთხელ მაინც ნახონ თავისუფლებაზე. დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.