თბილისის მერი კახა კალაძე 21-ე საჯარო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ავარიული შენობის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება.

კალაძის თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შენობის ავარიულობის შესახებ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა ჰქონდეთ.

„შემიძლია ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროებდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს, სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 21-ე სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა სკოლებში გადანაწილდებიან, მოგვიანებით კი ახალი შენობა აშენდება.

„სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან შეჩერდა. გადაწყვეტილების მიზეზად შენობის ავარიული მდგომარეობა დასახელდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილი აპროტესტებს. მათი თქმით, მათ სკოლიდან შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, შენობის ავარიულობის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერდებოდა.

ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით გაგრძელდება სწავლა. მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მოსწავლეებისთვის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას სთავაზობს.