თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგებს უნდა დაელოდონ.

კალაძის თქმით, თითოეული ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრინციპულად მნიშვნელოვანია და მომხდარის მიზეზებზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არასწორი იქნება.

„დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, არასწორი იქნებოდა. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის საჯარო ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელია და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ბავშვს შეეხო შემთხვევა.

კალაძის განმარტებით, ბოლო წლებში საჯარო ბაღებში აღსაზრდელების უსაფრთხოების მიზნით არაერთი ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის, 2023 წლიდან დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რომლის მიზანიც საკვები პროდუქტების კონტროლია მწარმოებლიდან და მომწოდებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე.

მისივე თქმით, ბაღებში პროდუქტის მიღება შესაბამისი აკრედიტებული ლაბორატორიის შემოწმების ოქმის გარეშე არ ხდება. საკვებ პროდუქტებს ასევე სისტემატურად ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

„დაველოდოთ შედეგებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საბავშვო ბაღებისთვის საკვების შესყიდვაზე ტენდერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს, გამარჯვებულ კომპანიებთან კი მუნიციპალიტეტი ხელშეკრულებას აფორმებს.

კალაძის თქმით, თუ მოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ რაიმე დარღვევა ან შეცდომა მუნიციპალიტეტის მხრიდან იყო დაშვებული, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.