რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების პირველ დღეს ამომრჩეველთა აქტივობამ 29.66% შეადგინა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ელექტრონული ფორმით ხმის მისაცემად რეგისტრირებული 4 041 637 მოქალაქიდან ხმა 2 854 195-მა მისცა, რაც ელექტრონული ხმის მიცემის შემთხვევაში 70.62%-იან აქტივობას შეადგენს.

ცესკოს ცნობით, არჩევნების პირველ დღეს მოსკოვში დაახლოებით 2.3 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18 სექტემბერს დაიწყო და ხმის მიცემის პროცესი 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სახელმწიფო დუმის არჩევნებში 10 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ერთიანი რუსეთი“, ლდპრ, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“, „მწვანეები“, „სამართლიანი რუსეთი“, „როდინა“, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, „პენსიონერთა პარტია“, „რუსეთის კომუნისტები“ და „ახალი ხალხი“.

სახელმწიფო დუმაში სულ 450 ადგილია. 225 მანდატი პარტიული სიებით ნაწილდება, ხოლო 225 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.

რუსული მედიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 111 მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.