საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციული პრობლემები სისტემურად იჩენდა თავს, თუმცა დღეს სახელმწიფო უწყებები ყველა დონეზე, პრაქტიკულად, კორუფციისგან თავისუფალია.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა არსებული პრობლემების შესწავლას, გამოვლენასა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. მისი თქმით, ეს პროცესი 2025 წლის ივნისში დასრულდა.
პრემიერის განმარტებით, კორუფციული პრობლემების გამოვლენის შემდეგ ხელისუფლებამ რეაგირება დაუყოვნებლივ დაიწყო. მან ასევე გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელშიც, კობახიძის თქმით, არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების აუცილებლობაზე იყო საუბარი.
„დაახლოებით ორწლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეული სუბიექტური, არასწორი მოქმედებების გამო თავი კორუფციულმა პრობლემებმა იჩინა. ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებული თავდაცვით იმ თავდასხმების მიმართ, რაც გარედან ხორციელდებოდა, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ყველაფერზე კონცენტრირება რთული იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე შეფასებით, დღეს სახელმწიფო საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ერთდროულად გაუმკლავდეს როგორც საგარეო გამოწვევებს, ისე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლას.
„კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში. რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, აქ ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ფაქტების გამოძიების საჭიროება გამოიკვეთება, შესაბამის ზომებს სამართალდამცავი უწყებები მიიღებენ.