ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტზე ორგანიზაციასა და თეირანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ახალი, „დსთ+1“ ფორმატის შექმნის ინიციატივა წარადგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პეზეშკიანის განცხადებით, ირანი რეგიონთან მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ისტორიული, კულტურული და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობებითაც.
„ირანი მოქნილი და ეფექტიანი დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმის „დსთ-ის ქვეყნები პლუს ირანი“, ანუ „დსთ+1“ ფორმატის შექმნის შეთავაზებით გამოდის“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, ახალი ფორმატი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაფართოებას ტრანზიტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, სამთო მოპოვებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განვითარებას წყლის რესურსების მართვის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ მასუდ პეზეშკიანი დსთ-ის სამიტში პირველად მონაწილეობს.