საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი „საბჭოთა მენტალიტეტის“ მქონე პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც, მისი შეფასებით, ქართველი ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ.
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციები ქართველი ხალხის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავს. მან აღნიშნა, რომ ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, რომელშიც სანქციების დაწესების მოთხოვნა ფიგურირებს.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებენ, ევროპარლამენტის შემთხვევაში ევროპარლამენტი უკვე ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გვესაუბრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტში გამართული განხილვები 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს შეადარა.
მისი შეფასებით, ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ გამოთქმული კრიტიკა იმდროინდელ საბჭოთა დეპუტატთა რიტორიკას ჰგავს.
„როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდა ზოგიერთი რუსი თუ არარუსი საბჭოთა დეპუტატი“, – აღნიშნა მან.
პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიცია. მისი განცხადებით, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმურობას, რითაც, მისივე შეფასებით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს უგულებელყოფს.
„რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, ხოლო ევროპარლამენტი 100%-ზე. ევროპარლამენტმა საკუთარი თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუთანაბრა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის ამგვარი დამოკიდებულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსაც აფერხებს.
„თუ ევროკავშირს უნდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ასეთი პარლამენტით ჩვენ მის წევრად ვერ მიგვიღებს. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთო დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.