2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეს დღეს თბილისში გადმოგზავნიან და სხვა გამომძიებელს გადასცემენ. ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, საქმის გადმოგზავნის თაობაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან დაუკავშირდნენ.
„დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში. საქმე გადაეცემა სხვა გამომძიებელს. მადლობა საზოგადოებას ასეთი მხარდაჭერისთვის!,“ – წერს კაკაბაძე.
გურამ დადიანიძე გაუჩინარების დროს 17 წლის იყო. ის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე, ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
12 წლის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი უცნობია და საქმე გაუხსნელია. გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.