ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის უშუალო საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ რუსეთის ძალების თავმოყრის შემთხვევაში ნატო რეაგირებას მოახდენს.

კითხვაზე, „არის თუ არა რუსეთი იმდენად უგუნური, რომ ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმა განიხილოს“, რუტემ უპასუხა: „ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. არ არსებობს უშუალო საფრთხე. თუმცა, თუ დავინახავთ, რომ რუსეთის ძალების თავმოყრას ახდენს, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ“.

გენერალურმა მდივანმა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებისა და ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ ჰიბრიდული კამპანიის გაგრძელებაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, მოსკოვი უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას ცდილობს.

„პუტინი ცდილობს, შეასუსტოს ჩვენი სიმტკიცე და შეაჩეროს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა, თუმცა რუსეთი მარცხდება. ის მარცხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე და ჩვენ ვერ დაგვაშინებენ“, – აღნიშნა რუტემ.

მან ალიანსის ტერიტორიის დაცვის ვალდებულებაც გაიმეორა და მიუთითა გზავნილზე, რომელიც კვირის დასაწყისში ნატო-ს უმაღლესმა სარდალმა, ალექსუს გრინკევიჩმაც გააჟღერა: „ჩვენ დავიცავთ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ ინჩს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა იქ ადამიანები“.

ამასთან, რუტემ ხაზი გაუსვა ნატო-ს თავდაცვით ხასიათს.

„არასდროს, არცერთ შემთხვევაში არ განვახორციელებთ თავდასხმას ვინმეზე, რადგან ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ“, – აღნიშნა რუტემ.