რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში „სბერბანკის“ მონაცემთა ცენტრს დრონით შეუტიეს. თავდასხმა ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ვედიახინმა დაადასტურა.
რუსული მედიის ცნობით, ვედიახინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლები არ დაშავებულან და ბანკის სერვისები შეუფერხებლად მუშაობს.
“ვადასტურებთ მონაცემთა ცენტრზე თავდასხმას. “სბერბანკის” ყველა სისტემა და სერვისი ნორმალურად და შეუფერხებლად მუშაობს. არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა“, – განაცხადა ვედიახინმა.
სარატოვის ოლქზე დრონით თავდასხმის შესახებ დღეს დილით რეგიონის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც გაავრცელა ინფორმაცია. მისი განცხადებით, ბალაკოვოში ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
ბალაკოვოს მუნიციპალური რაიონის ხელმძღვანელის, სერგეი ბარულინის ინფორმაციით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.