ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს შენობას აგურები და ბეტონის ბლოკები ესროლეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
ალბანეთის ვიცე-პრემიერმა ალბანა კოჩიუმ ძალადობრივი ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანება პროტესტის გამოხატვის მისაღები ფორმა არ არის.
აქციის ორგანიზატორების განმარტებით, სტუდენტების უკმაყოფილება უნივერსიტეტებში არსებულ პირობებს, სწავლის საფასურს, ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობასა და განათლების მიღების შემდეგ დასაქმების პერსპექტივებს უკავშირდება.
დემონსტრანტების ნაწილმა პროტესტის მიზეზად ქვეყანაში არსებული სოციალური უთანასწორობა და მთავრობის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებაც დაასახელა.