აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაივანი დათანხმდა, ალასკაში დაგეგმილი მილსადენის პროექტის ფარგლებში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის 30% შეისყიდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის, ჰოვარდ ლატნიკის თქმით, ტაივანმა პროექტის განვითარებაში 4,4 მილიარდი დოლარის ინვესტირების ვალდებულებაც აიღო.
Reuters-ის ცნობით, შეთანხმების კონკრეტული პირობები ამ ეტაპზე უცნობია, მათ შორის, გაზის მიწოდების ვადები და შესყიდვის ფინანსური დეტალები.
ტაივანის ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.