სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობა მკაფიოდ განსაზღვრულ საზღვრებს, ანკლავებისა და ექსკლავების გარეშე ტერიტორიებსა და ღია საკომუნიკაციო მარშრუტებს უნდა ეფუძნებოდეს.
სომხური მედიის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ფაშინიანმა წარმოადგინა ხედვა, როგორი შეიძლება იყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ.
„სომხეთის ტერიტორია 29.743 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს. საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე ამ ჩარჩოებში უნდა მოხდეს“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ანკლავებისა და ექსკლავების საკითხის გადასაჭრელად მან ზუსტად განსაზღვრული ფართობის ტერიტორიების გაცვლაზე ისაუბრა. ამასთან, გზებისა და საკომუნიკაციო მარშრუტების გახსნა როგორც TRIPP-ის ფარგლებში, ისე მის მიღმაც განიხილა.
„საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა იყოს ანკლავები ან ექსკლავები. ანუ ორმა ქვეყანამ – სომხეთმა და აზერბაიჯანმა – ზუსტად განსაზღვრული ფართობის ტერიტორიები უნდა გაცვალონ. ყველა გზა და საკომუნიკაციო მარშრუტი ღია უნდა იყოს TRIPP-ის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის] ფარგლებში, თუმცა არა მხოლოდ TRIPP-ის ფარგლებში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის ხედვით, მხარეებმა ერთმანეთის მიმართ მოთხოვნებზე უარი უნდა თქვან. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქმენეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრამ ასეთი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობაზე წინასწარი შთაბეჭდილება შეუქმნა.
„არანაირი მოთხოვნა, მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებით, არც გარდმან-შირვან-ნახიჩევანის ლოგიკით და არც დასავლეთ აზერბაიჯანის ლოგიკით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია: რეალურად არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ მშვიდობამ ასეთი სახე მიიღოს? თურქმენეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ წინასწარი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მშვიდობას ასეთი სახე მივცეთ. უახლოეს მომავალში სწორედ ამ შესაძლებლობის რეალიზებით, მისი რეალობად ქცევით დავკავდებით”, – აღნიშნა ფაშინიანმა.