ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები და ენერგეტიკული ობიექტები უნდა განადგურდეს, რადგან ენერგორესურსების გაყიდვით მიღებული შემოსავალი უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ამასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ესტონეთი უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორად და ნატო-ს მოკავშირედ შეერთებულ შტატებს მიიჩნევს. „ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული. ზოგჯერ კარგ მეგობრებსაც უნდა შევახსენოთ, რა არის სწორი“, – აღნიშნა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა. მისივე თქმით, ესტონეთს რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს და ნატო-ს ფარგლებში სამი ბირთვული სახელმწიფოს – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერით სარგებლობს. „გვქონდა შემთხვევები, როდესაც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემები ჩვენს კაბელებსა და სხვადასხვა მილსადენს აზიანებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც რუსული გამანადგურებლები ჩვენს საჰაერო სივრცეში იჭრებოდნენ. გვიწევდა ჩვენს საჰაერო სივრცეში სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაც. ყველა ამ შემთხვევაში დახმარებას ნატო-სგან ვიღებდით“, – განაცხადა კრისტენ მიხალმა. მისი განმარტებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნატო კარგად მუშაობს, ხოლო შეერთებული შტატები ნატო-ს პარტნიორია. „ტრამპმა ბოლოს, ანკარაში, ჩვენ და ყველა დანარჩენი დაგვარწმუნა, რომ ნატო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასრულებს“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტი იმართება. 16 ოქტომბერს სამიტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას.