ოპოზიციური პარტიების აკრძალვა თუ მთელი პოლიტიკური სისტემის კონტროლი – რა დგას ხელისუფლების ინიციატივის უკან და სად შეიძლება გაჩერდეს ეს პროცესი? პოლიტოლოგი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ საკითხი მხოლოდ რამდენიმე პარტიის მომავალს არ ეხება. „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში ის ხელისუფლების მოტივებზე, რუსეთის ფაქტორსა და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ინტერვიუზე მუშაობდა ჟურნალისტი ლევან ჭითანავა.

— საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე საუბრობს, ოპონენტები — პოლიტიკურ რეპრესიებზე. თქვენი შეფასებით, რატომ დადგა ეს საკითხი ახლა?

— ამ პროცესს რამდენიმე განზომილება აქვს. ერთია საერთაშორისო კონტექსტი. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია დაგეგმილი. თუ დემოკრატები პოზიციებს გაიმყარებენ, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება უფრო მკაცრი გახდეს და სანქციების საკითხიც უფრო აქტიურად დადგეს. ჩემი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, შესაბამისი გადაწყვეტილებები მანამდე მიიღოს.

არსებობს ევროპული კონტექსტიც. ევროპიდან დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ გაფრთხილებებს ხელისუფლება ხშირად კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯებით პასუხობს.

თუმცა მთავარი შიდაპოლიტიკური პროცესია. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში თანდათან აშენებს ავტორიტარულ სისტემას. სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას მოჰყვა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, ახლა კი პროცესი პოლიტიკურ პარტიებზე გადადის.

მიზანია, პარტიული სივრცე ერთი ცენტრიდან კონტროლდებოდეს. თუ ამ გზაზე წინააღმდეგობა არ შეხვდათ, შეზღუდვები შესაძლოა სხვა სფეროებზეც გავრცელდეს.

— ახსენეთ რუსეთის ფაქტორიც. რამდენად შეიძლება პარტიების აკრძალვა მოსკოვისთვის პოლიტიკური გზავნილი იყოს და შეამსუბუქოს მისი ზეწოლა საქართველოზე?

— არ მგონია, ასეთმა გადაწყვეტილებამ რუსეთის ზეწოლა შეამციროს. ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ისედაც ბევრს აკეთებს მოსკოვის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მაგრამ ეს რუსეთს არ უშლის ხელს, საქართველოსა და მის ხელისუფლებას დამამცირებლად მოექცეს.

პარტიების აკრძალვის მცდელობაში შეიძლება დავინახოთ გზავნილი: ჩვენც თქვენნაირ სისტემას ვქმნით, სადაც არჩევნებსა და პარტიულ მრავალფეროვნებას დამოუკიდებელი ღირებულება აღარ აქვს და ყველაფერი ერთი ცენტრიდან იმართება.

თუმცა რუსეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. მისთვის თავის მოწონების მცდელობა ზეწოლის შემცირების გარანტია არ არის – პირიქით, შესაძლოა, დამატებითი მოთხოვნების საფუძველი გახდეს.

— რამდენად მოსალოდნელია, რომ პროცესი ბოლომდე მივიდეს და ყველა ის პარტია აიკრძალოს, რომელსაც სარჩელი ეხება?

— ორივე სცენარი შესაძლებელია. თუ ხელისუფლებას წინააღმდეგობა არ შეხვდა, შესაძლოა, პარტიები აკრძალოს და დატოვოს მხოლოდ მისთვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფები.

თუ წინააღმდეგობა იქნება, შეიძლება გადაწყვეტილება გააჭიანუროს და აკრძალვის საფრთხე მუდმივად შეინარჩუნოს. როგორც კი სხვა მნიშვნელოვანი თემა წამოიწევს, ამ საკითხს ისევ გაააქტიურებს და საზოგადოებრივ ყურადღებას მასზე გადაიტანს.

ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური ინსტრუმენტიცაა: ადამიანებმა მუდმივად პარტიების აკრძალვაზე იფიქრონ და ნაკლები სივრცე დარჩეს ფასებზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე, განათლებასა და გარემოს დაცვაზე სასაუბროდ.

ამიტომ საბოლოო შედეგი წინასწარ გადაწყვეტილი არ მგონია. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რა წინააღმდეგობას შეხვდება ხელისუფლება.

— წინააღმდეგობაში რას გულისხმობთ – ოპოზიციის საერთო სტრატეგიას, საპროტესტო აქციებს თუ საერთაშორისო რეაგირებას?

— უპირველესად, საზოგადოებაში პრინციპულ პოზიციაზე შეთანხმებას ვგულისხმობ.

მაგალითად, მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკური კავშირი არ მსურს და მის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. მიუხედავად ამისა, არ ვემხრობი მის რეპრესიული მეთოდებით აკრძალვას. პოლიტიკური მოწინააღმდეგე თანასწორ პოლიტიკურ და საარჩევნო ბრძოლაში უნდა დაამარცხო.

ეს განსხვავება უნდა დავინახოთ: კონკრეტული პარტიის მიუღებლობა მისი აკრძალვის მხარდაჭერას არ ნიშნავს.

ადამიანებმა საკუთარი პოზიცია შეიძლება გამოხატონ საზოგადოებრივი გაერთიანებების, პოლიტიკური მოძრაობების ან უბრალოდ თავიანთი გარემოცვის საშუალებით. როდესაც ასეთი განწყობა ფართოდ არსებობს, ის ხელისუფლებამდეც აღწევს.

მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, საკუთარი გემოვნებით განსაზღვროს, ვის აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება.

— ანუ, თქვენი შეფასებით, საფრთხე მხოლოდ იმ პარტიებს არ ეხება, რომლებიც სარჩელში არიან დასახელებული?

— სწორედ ამას ვამბობ. საკითხი ცალკეული პარტიების მოწონებას ან არმოწონებას სცდება და მთლიანად პარტიულ სისტემას ეხება.

ხელისუფლების განცხადებებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა სახელდებოდა. ჩემი შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ სამიზნე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯგუფი, რომელსაც ვერ აკონტროლებენ.

ავტორიტარულ სისტემაში ფორმალურად რამდენიმე პარტია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რეალური მრავალფეროვნება არ იყოს. მაგალითად, ჩინეთში მხოლოდ კომუნისტური პარტია არ მოქმედებს – სხვა პარტიებიც არსებობენ, თუმცა ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ კონკურენციას არ ქმნიან.

ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის მისაღებია მსგავსი მოდელი: რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, კონტროლირებადი საქმიანობა და მრავალფეროვნება მხოლოდ გარეგნულად.

— შეიძლება პარტიების აკრძალვის საფრთხე გახდეს ის საერთო გამოწვევა, რომელიც ოპოზიციას ერთიან სტრატეგიაზე შეათანხმებს?

— აუცილებელი არ არის, ყველა ერთ ორგანიზაციაში გაერთიანდეს ან ყველა ნაბიჯი წინასწარ შეათანხმოს. მთავარია, სხვადასხვა ჯგუფი დამოუკიდებლად მივიდეს ერთ პრინციპულ პოზიციამდე – პოლიტიკური კონკურენციის ადმინისტრაციულად გაუქმება მიუღებელია.

ეს მხოლოდ პარტიების საქმე არ არის. მოქალაქეებმაც უნდა დაინახონ, რომ საკითხი პოლიტიკური სისტემის სრულად გაკონტროლების მცდელობას ეხება.

საერთო პოზიციის არსებობის შემთხვევაში მოქმედების სხვადასხვა გზაც გამოიკვეთება: ვიღაც შეხვედრებს გამართავს, სხვა საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, ვიღაც პეტიციას გამოაქვეყნებს, სხვები კი თავიანთ გარემოცვას აუხსნიან, რატომ არის ეს საშიში.

ყველას ერთნაირი მოქმედება არ სჭირდება. საჭიროა საერთო პრინციპის დაცვა და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საკუთარი შესაძლებლობებით მოქმედება.