„ქართული ოცნება“ კორუფციაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ყოფილ მაღალჩინოსნებს ვერ გადააბარებს, რადგან პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ გუნდს ეკისრება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძე კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძისა და მამუკა მდინარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არა ცალკეული მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფცია, არამედ სისტემური პოლიტიკური კორუფციაა.
მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნდობა იმდენად დაკარგა, რომ მოქალაქეებისთვის კორუფციის შესახებ ახალი ბრალდებებიც აღარ არის გასაკვირი.
„რამდენადაც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანოს მხოლოდ მათ ყოფილ თანაგუნდელებზე, არ გამოვა ეს, იმიტომ, რომ სწორედ „ოცნება“, ანუ მთელი რეჟიმი არის პასუხისმგებელი ამ კორუმპირებული მაღალჩინოსნების საქციელზე“, – განაცხადა შარაშიძემ.
დეპუტატი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო არამიზნობრივ განკარგვასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული გარემოებები გამოძიებას საჭიროებს და ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ეს მმართველი გუნდისთვის მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი იქნება.
ცნობისთვის, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა პროკურატურას თინათინ რუხაძის მიერ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების განკარგვის შესწავლის მოთხოვნით მიმართა. ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს კულტურის სფეროს წარმომადგენლების დევნასა და პროექტების დაბლოკვაშიც ადანაშაულებს. მისი განცხადებით, რუხაძის მფარველი მამუკა მდინარაძე იყო.
აღნიშნული ბრალდებები ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.