17 ოქტომბერს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაიმართება როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, თუმცა დღის წესრიგში განსაკუთრებული საკითხები არ არის.
„ხვალინდელ სხდომაზე დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი. იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხიც.