„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელთა შორის განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მამუკა მდინარაძის გავლენის შემცირებას უკავშირდება.
გვარამიას განცხადებით, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნათია სონღულაშვილს, ტელეკომპანიის წილი ჩამოართვეს და მაგდა ანიკაშვილს გადაუფორმეს. მისივე ვარაუდით, სონღულაშვილი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობასაც დატოვებს.
„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ. ნათია სონღულაშვილს „იმედის“ საინფორმაციოს უფროსობასაც ჩამოართმევენ. ადამიანურ ენაზე: ტვ „იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“, – აცხადებს გვარამია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია „იმედის“ 25%-იანი წილის მფლობელი მაგდა ანიკაშვილი გახდა. დოკუმენტაციის თანახმად, ნათია სონღულაშვილმა საკუთარი 10%-იანი წილი ანიკაშვილს 100 ლარად მიჰყიდა.
ცვლილებები საჯარო რეესტრში დღეს, 16 ოქტომბერს დარეგისტრირდა.
ამასთან, გვარამიას განცხადება მამუკა მდინარაძის გავლენასთან დაკავშირებით მის პოლიტიკურ შეფასებას წარმოადგენს.