საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 38 მილიონ ევროს გამოყოფს.
პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის უპატივცემულობაა. მისი თქმით, მოსახლეობასთან პირდაპირი თანამშრომლობის სურვილით ევროკავშირის წარმომადგენლობა ფაქტობრივად უგულებელყოფს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით ფაქტობრივად გვითხრა, რომ ის აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკასაც შეადარა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.
„რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ საერთაშორისო წესრიგი დამყარებულიყო, ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ. ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო“, – აღნიშნა მან.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა აღნიშნული პოზიცია უნდა შეცვალოს და, მისივე სიტყვებით, „ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე ჩამოირეცხოს“.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების დაფინანსებას აღარ ახორციელებს, თუმცა 2026 წელს მოსახლეობისთვის განკუთვნილი ახალი პროექტების დასაფინანსებლად 38 მილიონ ევროს გამოყოფს.