პარასკევს აშშ დოლარის ინდექსი ორკვირიან მინიმუმამდე შემცირდა და სავაჭრო დღე 0,19%-იანი კლებით დაასრულა. ამერიკული ვალუტის შესუსტებას ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის მოლოდინის შემცირებამ შეუწყო ხელი. ამის შესახებ Barchart-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის შემდგომი მიმართულების შესახებ კონკრეტული მინიშნებები არ გააკეთა. ამის შემდეგ ბაზარზე ოქტომბერში განაკვეთის ზრდის ალბათობა შემცირდა. დოლარზე დამატებითი ზეწოლა ჩინური იუანის გამყარებამაც მოახდინა, რომელმაც ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია.
თუმცა ამერიკულმა ვალუტამ დანაკარგის ნაწილი მოგვიანებით აღადგინა. სექტემბერში აშშ-ში იმპორტის ფასები, ნავთობის გამოკლებით, წინა თვესთან შედარებით 0,8%-ით გაიზარდა. ეს ბოლო ხუთი თვის ყველაზე მაღალი მატებაა და ანალიტიკოსების 0,6%-იან პროგნოზს აღემატება. ამავე პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის წარმოება, მოლოდინის შესაბამისად, 0,3%-ით გაიზარდა.
ინფლაციის რისკები WTI-ის ტიპის ნავთობის 3%-ზე მეტით გაძვირებამაც გააძლიერა. მისმა ფასმა ერთთვიან მაქსიმუმს მიაღწია, რაც მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების მოლოდინს ზრდის.
დოლარის შესუსტების ფონზე ევრო დოლართან მიმართებით დაახლოებით ერთნახევარი კვირის მაქსიმუმამდე გამყარდა და დღე 0,15%-იანი მატებით დაასრულა. ერთიან ევროპულ ვალუტას ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრისა და ბუნდესბანკის პრეზიდენტის, იოახიმ ნაგელის განცხადებამაც დაუჭირა მხარი. მისი თქმით, ინფლაციის შესაკავებლად საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდა გამორიცხული არ არის.
ევროს გამყარება ენერგორესურსების გაძვირებამ შეაფერხა. ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა თითქმის ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ენერგოიმპორტზე დამოკიდებულების გამო, გაზისა და ნავთობის გაძვირება ევროზონის ეკონომიკისთვის დამატებით წნეხს ქმნის.
იაპონური იენი თავდაპირველად გამყარდა, თუმცა დოლართან მიმართებით სავაჭრო დღე არსებითი ცვლილების გარეშე დაასრულა. იაპონიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კაძუო უედამ განაკვეთების ზრდის გაგრძელების შესაძლებლობაზე მიუთითა, მაგრამ ნავთობის გაძვირებამ იენის თავდაპირველი მატება გააქარწყლა. იაპონია ენერგომოხმარების 90%-ზე მეტს იმპორტით უზრუნველყოფს.
პარასკევს ძვირფასი ლითონებიც გაძვირდა. COMEX-ზე დეკემბრის მიწოდების ოქროს ფიუჩერსის ფასი 11 დოლარით, ანუ 0,26%-ით გაიზარდა. ამავე პროცენტული მაჩვენებლით მოიმატა ვერცხლის დეკემბრის ფიუჩერსმაც.
ოქროს ფასს საინვესტიციო ფონდებისა და ცენტრალური ბანკების მოთხოვნაც ამყარებს. Barchart-ის მონაცემებით, ოქროთი უზრუნველყოფილ საბირჟო ფონდებში ლითონის მოცულობამ ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია, ვერცხლის ფონდებში კი – ექვსნახევარი თვის მაქსიმუმს.
სექტემბერში ჩინეთის სახალხო ბანკის ოქროს რეზერვები 740 ათასი ტროას უნციით, 77,47 მილიონ ტროას უნციამდე გაიზარდა. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე დიდი ყოველთვიური მატებაა. ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს მარაგები ზედიზედ 23-ე თვე გაზარდა.
წყარო: Barchart