აშშ-სა და ირანს შორის ომმა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების მარშრუტები შეცვალა. ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში გემებზე თავდასხმები ექსპორტს აფერხებს და ნედლი ნავთობის ფასს ბარელზე 100 დოლარზე მაღლა ინარჩუნებს. ამის შესახებ CNN Business-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანი ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში ტანკერებზე თავდასხმებს აძლიერებს, რაც რეგიონიდან ნავთობის გატანას ზღუდავს. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის – UKMTO-ს მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში ან მის სიახლოვეს გემებზე თავდასხმის 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე კვირაში, ორ ცალკეულ ინციდენტში, დაუდგენელი ჭურვებით დარტყმების შემდეგ ორი სატვირთო გემი ჩაიძირა.
ანალიტიკოსები თავდასხმების გააქტიურებას ბოლო კვირებში ჰორმუზის გავლით ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობის გატანას უკავშირებენ. CNN-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები ხელს უწყობენ ტანკერების გადაადგილებას გამორთული საიდენტიფიკაციო გადამცემებით. ამ გზით გადატანილი ნავთობი შემდეგ ომანის ყურეში მომლოდინე გემებზე იტვირთება. პარალელურად, ამერიკული საზღვაო ბლოკადა ირანს საკუთარი ტანკერების გატარებას ურთულებს.
კონფლიქტი, რომელიც მერვე თვეა გრძელდება, საუდის არაბეთსა და იემენში მოქმედ, ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს შორის დაპირისპირებასაც მოიცავს. ჰუსიტები ბაბ-ელ-მანდების სრუტეში საუდის არაბეთის ნავთობტანკერებს ესხმიან თავს. ბოლო დღეებში მათ ერ-რიადის მთავარ საერთაშორისო აეროპორტზეც განახორციელეს თავდასხმები, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა.
ბაბ-ელ-მანდების მნიშვნელობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ომმა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეაფერხა. თუმცა ახლა საფრთხე ამ ალტერნატიულ მარშრუტსაც ექმნება.
საკონსულტაციო კომპანია Energy Aspects-ის თანადამფუძნებლის, რიჩარდ ბრონზის ინფორმაციით, პიკურ პერიოდში საუდის არაბეთის წითელი ზღვის პორტ იანბუდან დღეში დაახლოებით 4,5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადიოდა. აქედან დაახლოებით 3 მილიონი ბარელი ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით გადაიზიდებოდა. მისი თქმით, ზაფხულში ჰუსიტებისგან მომდინარე საფრთხის ზრდის შემდეგ ეს ნაკადები მკვეთრად შემცირდა.
Kpler-ის ნედლი ნავთობის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი, იოჰანეს რაუბალი აფრთხილებს, რომ თუ ჰუსიტები ყველა ქვეყნის გემს შეუქმნიან საფრთხეს, მსოფლიო ბაზარი დამატებით დარტყმას მიიღებს – მიწოდება შეიზღუდება და ფასებზე ზრდის წნეხი გაძლიერდება.
საუდის არაბეთს საექსპორტო მარშრუტების შეცვლა სექტემბერშიც მოუწია, როდესაც ერაყის ტერიტორიიდან გაშვებულმა დრონებმა „აღმოსავლეთ–დასავლეთის“ ნავთობსადენზე მიიტანეს იერიში. მილსადენით ნედლი ნავთობი ქვეყნის წითელი ზღვის პორტებისკენ მიეწოდება. თავდასხმის შემდეგ ერ-რიადმა აშშ-ის სამხედრო ძალების დახმარებით მოქმედი გადაზიდვის სქემით ჰორმუზის გავლით ექსპორტი გაზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმის უკან სავარაუდოდ ირანის მონაწილეობაზე მიუთითა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდება კატეგორიულად უარყო. მედიის ცნობით, მილსადენმა მუშაობა უკვე განაახლა.
კრიზისის გავლენა განსაკუთრებით აზიის ქვეყნებმა იგრძნეს, რომლებიც საუდის არაბეთის ნავთობის უმსხვილესი მყიდველები არიან. მათ ნაწილმა მოხმარება შეამცირა, ჩინეთმა კი სტრატეგიული მარაგების გამოყენებით იმპორტი მნიშვნელოვნად შეკვეცა. ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ახალი მილსადენებით საექსპორტო მარშრუტების შექმნის შესაძლებლობასაც განიხილავს.
ანალიტიკური ცენტრის, Bruegel-ის უფროსი მკვლევრის, გეორგ ზახმანის შეფასებით, კრიზისს ნავთობის ბაზარზე გრძელვადიანი შედეგები ექნება. მისი თქმით, იმპორტიორი ქვეყნები სულ უფრო მკაფიოდ ხედავენ მოხმარების სისტემურად შემცირების საჭიროებას, რათა საგარეო შოკების მიმართ ნაკლებად მოწყვლადები გახდნენ.
რაუბალის აზრით კი, კონფლიქტის გახანგრძლივების პარალელურად ირანის გავლენის ბერკეტები შეიძლება შესუსტდეს, რადგან სხვა ქვეყნები შემოვლითი მარშრუტების შექმნას ახერხებენ.
წყარო: CNN Business