იყო დრო, როდესაც ნაპირის თვალს მიფარება ნაცნობი სამყაროს დატოვებას ნიშნავდა. წინ წყალი ჩანდა, ზემოთ – ცა, უკან კი ნელ-ნელა ქრებოდა ხმელეთი. მეზღვაურებს გზა უნდა გაეგრძელებინათ ქარის, მზისა და ვარსკვლავების დახმარებით, თან ისე, რომ შინ დასაბრუნებელი მიმართულებაც არ დაეკარგათ.

XV–XVII საუკუნეებში შორეული საზღვაო მოგზაურობები სულ უფრო ხშირი გახდა. ამ პერიოდს დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქას უწოდებენ. თავდაპირველად ოკეანეებზე პორტუგალია და ესპანეთი დაწინაურდნენ, მოგვიანებით კი საზღვაო გავლენისთვის ბრძოლაში ინგლისი, საფრანგეთი და ნიდერლანდებიც ჩაერთნენ.

ევროპიდან გასულ გემებს ახალი სავაჭრო გზების პოვნის სურვილი ამოძრავებდათ. ამ მოგზაურობებს მოჰყვა მანამდე ერთმანეთისგან დაშორებული საზოგადოებების შეხვედრა, ცოდნისა და საქონლის გაცვლა, თუმცა – დაპყრობა, ძარცვა და კოლონიური მმართველობის დამყარებაც.

ამ დიდი ცვლილებების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა გემს – ხისგან აგებულ სივრცეს, რომელიც ეკიპაჟისთვის თვეების განმავლობაში სახლიც იყო, სამუშაო ადგილიც და გადარჩენის ერთადერთი საშუალებაც.

XV საუკუნეში პორტუგალიელები სულ უფრო ხშირად იყენებდნენ კარაველას. შედარებით მცირე ზომის ამ გემს დიდი ეკიპაჟი არ სჭირდებოდა და მისი მართვაც უფრო იოლი იყო. სამკუთხა იალქნები მეზღვაურებს ქარის სხვადასხვა მიმართულების გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა, რაც უცნობ სანაპიროებთან მიახლოებისას განსაკუთრებით გამოსადეგი ხდებოდა.

თუმცა მცირე ზომას თავისი ფასი ჰქონდა: კარაველაზე ბევრი ტვირთი და სურსათი ვერ თავსდებოდა. შორეული მოგზაურობისთვის კი მხოლოდ სისწრაფე საკმარისი არ იყო – გემს წყლის, საკვებისა და გასაყიდი საქონლის მარაგიც უნდა ეტარებინა.

1492 წელს, როდესაც ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციამ ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ბაჰამის კუნძულებს მიაღწია, მისი სამი გემიდან ორი – „ნინია“ და „პინტა“ – კარაველა იყო. მესამე, „სანტა მარია“, უფრო დიდი ტიპის ხომალდს, კარაკას მიეკუთვნებოდა.

კარაკა ხანგრძლივი მგზავრობისთვის მეტ შესაძლებლობას იძლეოდა. მას მეტი ტვირთი გადაჰქონდა და ღელვასაც უკეთ უძლებდა, თუმცა შედარებით ნელა მოძრაობდა და მანევრირებაც უჭირდა. ასეთი გემებით ევროპელი ვაჭრები აზიის სანელებლების ბაზრებისკენ მიემართებოდნენ.

კარაკას ტიპის იყო „ვიქტორიაც“ – გემი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო პირველი დადასტურებული საზღვაო მოგზაურობა დაასრულა. ექსპედიცია 1519 წელს ფერნანდო მაგელანის ხელმძღვანელობით დაიწყო. თავად მაგელანი ფილიპინებზე, ადგილობრივ დაპირისპირებაში დაიღუპა, მაგრამ მოგზაურობა გაგრძელდა. 1522 წელს „ვიქტორია“ ესპანეთში დაბრუნდა.

XVI საუკუნეში ზღვებზე თანდათან გალეონები გამოჩნდნენ. მათ სავაჭრო ტვირთთან ერთად მძიმე ქვემეხებიც გადაჰქონდათ. გემი ერთდროულად ვაჭრობისა და სამხედრო ძალის იარაღად იქცა: მის ტრიუმში საქონელი ინახებოდა, გემბანებზე კი არტილერია იდგა.

ბორტზე შედარებით მსუბუქი ქვემეხებიც ჰქონდათ, მათ შორის – ფალკონეტი, რომლის გამოყენება ხმელეთზეც შეიძლებოდა. ოკეანის გადაკვეთის ტექნიკური შესაძლებლობა ევროპულ სახელმწიფოებს შორეულ ტერიტორიებზე ძალის გამოყენების საშუალებასაც აძლევდა.

მაგრამ ყველაზე გამძლე და კარგად შეიარაღებული გემიც შეიძლებოდა დაკარგულიყო, თუ ეკიპაჟი მიმართულებას ვერ შეინარჩუნებდა.

ამისთვის მეზღვაურებს ზოგჯერ უბრალო ხის დაფა ეხმარებოდა. მასზე კომპასის მიმართულებები იყო გამოსახული და პატარა ჩხირებისთვის ნახვრეტები ჰქონდა გაკეთებული. მორიგე მეზღვაური გარკვეული დროის შუალედებით აღნიშნავდა, საით მოძრაობდა გემი და რა სიჩქარით მიდიოდა. ამ ჩანაწერებით განვლილი გზის აღდგენას ცდილობდნენ. დაფა ზღვაში მოძრაობის დროებითი მეხსიერება იყო.

საკუთარი მდებარეობის დასადგენად ცასაც აკვირდებოდნენ. საზღვაო ასტროლაბით მზის ან ვარსკვლავის სიმაღლეს ზომავდნენ და ამ მონაცემებით გეოგრაფიულ განედს ადგენდნენ – რამდენად ჩრდილოეთით ან სამხრეთით იმყოფებოდა გემი. გრძედის, ანუ აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულებით მდებარეობის ზუსტად განსაზღვრა კი გაცილებით რთულ ამოცანად რჩებოდა.

დაკვირვებას თავისი სირთულეები ახლდა: გემი ირწეოდა, ქარი ხელსაწყოს ამოძრავებდა, ზოგი მეთოდი კი მზისკენ პირდაპირ გახედვას მოითხოვდა.

XVI საუკუნის მიწურულს ინგლისელმა მეზღვაურმა ჯონ დეივისმა ხელსაწყო შექმნა, რომელიც გაზომვისას მზის ჩრდილს იყენებდა. მეზღვაური მზისკენ ზურგით დგებოდა და მის სიმაღლეს ისე ადგენდა, რომ კაშკაშა სინათლისთვის პირდაპირ არ შეეხედა. „დეივისის კვადრანტის“ სახელით ცნობილი ხელსაწყო ზღვაოსნებს საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა.

ოკეანეების გადალახვა მრავალი ასეთი ნაბიჯით გახდა შესაძლებელი – უკეთ მართული იალქნით, უფრო გამძლე კორპუსით, ხის დაფაზე გაკეთებული ნიშნულითა და მზის ჩრდილის გაზომვით.

ნაპირიდან შორს მყოფი მეზღვაურისთვის ეს ნივთები ყოველდღიური საჭიროება იყო. მათზე იყო დამოკიდებული, შეძლებდა თუ არა გზის გაგრძელებას და დაინახავდა თუ არა კიდევ ერთხელ ჰორიზონტზე ხმელეთს.