აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ომთან დაკავშირებული დეტალები იცის და მათ მომავალში გაასაჯაროებს. ამის შესახებ მან პარასკევს, ჯორჯიის შტატში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე გამგზავრებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

CBS News-ის ჟურნალისტმა გეიბ გუტიერესმა ტრამპს უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მისი განცხადებები შეახსენა და ჰკითხა, ხომ არ დაავიწყდა, რომ ომი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო.

„უკრაინას რუსეთზე თავდასხმის გამო სამარცხვინო უწოდეთ. ზელენსკის წასვლა გსურთ. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა.

ტრამპმა პასუხად განაცხადა, რომ დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს, თუმცა მისთვის მთავარი ომის დასრულებაა.

„იცით, მე დეტალები ვიცი, გასაგებია? და გარკვეულ ეტაპზე მათ გავასაჯაროებ. მაგრამ მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს – მინდა, ეს ომი დასრულდეს“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე მტკიცებით, ომში ყოველთვიურად საშუალოდ 25 ათასი სამხედრო იღუპება, გასულ თვეში კი დაღუპულთა რაოდენობამ 32 ათასი შეადგინა. ტრამპს ამ მონაცემების წყარო არ დაუსახელებია.

„ორივე ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ვფიქრობ, მათაც სურთ ამ ომის დასრულება. ვფიქრობ, ის დასრულდება. მხოლოდ ეს მაინტერესებს – მინდა, ომი დასრულდეს“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტებთან იმავე საუბრისას ტრამპს უკრაინული სამხედროებისთვის Starlink-ზე წვდომის შესაძლო შეზღუდვის შესახებაც ჰკითხეს.

მანამდე The Telegraph-მა, დისკუსიების შესახებ ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა ტრამპს სისტემის სიჩქარის შეზღუდვა შესთავაზა, რაც უკრაინის დრონებისგან თავდაცვას აფერხებდა და რუსეთს უპირატესობას აძლევდა. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, პრეზიდენტი წინადადებას დაეთანხმა, რის შემდეგაც პენტაგონს სისტემის სამხედრო ვერსიის – Starshield-ის – მუშაობის შენელების შესაძლებლობა მიეცა.

შეკითხვაზე, უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ზე წვდომის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მან მიიღო თუ მასკმა, ტრამპმა საკუთარი მონაწილეობა უარყო.

„არ ვიცი, საერთოდ ვინმემ გააკეთა თუ არა ეს, რადგან მე არ გამიკეთებია. არ მგონია, რომ ილონმა გააკეთა. როგორც ვიცი, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის იყო“, – განაცხადა მან.

წყარო: Mediaite