ვითარება   საფრანგეთში  –  რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები სამართალდამცველებთან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.  პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა, რომ არეულობის შედეგად 150 პოლიციელი დაშავდა.   დაზიანებულია საჯარო შენობები.   BBC-ის ცნობით, დააკავეს სულ მცირე 1200 ადამიანი. საფრანგეთის მთავრობამ მომხდარს „ძალადობის ესკალაცია“ უწოდა, ქუჩებში კი, სავარაუდოდ, 550 000-მდე ადამიანი გამოვიდა. დასავლური მედიის თანახმად, რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა ძარცვის ფაქტები, ასევე გავრცელდა ცნობები ვანდალიზმის შესახებ, რომლის სამიზნეც მერიის შენობები და კომერციული ობიექტები გახდა.   დაარბიეს მაღაზიებიც.    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას მიგრაციას უკავშირებს.   აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო ვიდეო, რომელშიც ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობა იწვის.  „დასავლელმა ლიბერალებმა, მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შეიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არავის მოუსმინეს. ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება. იმედი მაქვს, ამერიკელებიც ყურადღებით არიან. სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას“, – წერს ვენსი.