საფრანგეთში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. BBC-ის ცნობით, დააკავეს სულ მცირე 1 200 ადამიანი.
ქუჩებში, სავარაუდოდ, 550 ათასამდე მოქალაქე გამოვიდა. მთავრობამ მომხდარს „ძალადობის ესკალაცია“ უწოდა. პარიზში პოლიციის სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა, რომ არეულობის შედეგად 150 პოლიციელი დაშავდა. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებსა და სატრანსპორტო საშუალებებს ცეცხლი წაუკიდეს. ლიმოჟში მერიის შენობაში გაჩენილ ხანძარს სახურავის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში მაღაზიები დაარბიეს და ძარცვის ფაქტებიც დაფიქსირდა. ვანდალიზმის სამიზნე მერიის შენობები და კომერციული ობიექტები გახდა.
ლიონში ტურისტული ოფისი დაიწვა. ქალაქის მერმა, გრეგორი დუსემ, მომხდარი „ტრაგედიად“ შეაფასა.
„ეს გულს გვიკლავს, რადგან საუბარია ძალიან მნიშვნელოვან, ცნობილ ისტორიულ შენობაზე“, – განუცხადა მან ტელეკომპანია BFMTV-ს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, „აგრესიულად განწყობილმა პირებმა“ მეხანძრეებს ხანძრის უსაფრთხოდ ჩაქრობაში ხელი შეუშალეს.
ახალგაზრდების ჯგუფმა კი BBC-ს განუცხადა, რომ ისინი „პაციფისტები“ არიან და „უბრალოდ ცდილობენ, რამე შეცვალონ, თუმცა არაფერი იცვლება“.