ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

ჟურნალისტი სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მისი შეფასებით, „პოსტების გამო დევნა აბსრუდულია“. სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

ვახო სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა მანამდეც ჰქონდა შეფარდებული. ჟურნალისტი 22 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მაშინ სასამართლომ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეუფარდა.

აღნიშნულ პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს შსს-ში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.