აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების მცდელობას გააგრძელებს. მისი შეფასებით, ვერცერთი მხარე ვერ აღწევს მკაფიო გამარჯვებას, ადამიანური დანაკარგები და ნგრევა კი ყოველდღიურად იზრდება.
რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამ ომში ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება.
„ტრამპმა სანქციები 60 დღით შეაჩერა, რადგან სურს გაარკვიოს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები რაიმე პოზიტიურ შედეგამდე მივიდეს და თავიდან იქნას აცილებული ომისა და კონფლიქტის კიდევ ერთი დამანგრეველი წელი”, – აღნიშნა რუბიომ.
ჟურნალისტმა სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, რა მტკიცებულება აქვს ვაშინგტონს, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
„რა მტკიცებულებები? ეს ხომ სისხლის სამართლის საქმე არ არის; საქმე დიპლომატიას ეხება. დიპლომატიაში მცდელობას არ წყვეტ. სამწუხაროდ, როდესაც საქმე ასეთი ტიპის კონფლიქტებს ეხება, რომლებიც საკმაოდ რთულია და ხშირად ჩიხშია შესული, ვერცერთი მხარე არ აღწევს მკაფიო გამარჯვებას, თუმცა ორივე მხარე ერთმანეთს უზარმაზარ ზიანს აყენებს. ჩვენ კი, გავაგრძელებთ მცდელობას, რამდენადაც ეს შესაძლებელია”, – უპასუხა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანი ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ აშშ-მა კვირის დასაწყისში სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა. რუბიომ ეს უარყო.
„არ ვიცი, საიდან იღებს ის ამ ინფორმაციას, ან რატომ საუბრობს ამაზე პრესასთან. არანაირი შეჩერება არ ყოფილა. ზელენსკი ამ ომის დასრულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული”.