რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან უკრაინის საკითხზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელიც ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობა, პუტინმა ინიციატივა ტრამპთან 9 ოქტომბრის სატელეფონო საუბრისას წამოაყენა.

გამოცემის ცნობით, კრემლი შეხვედრის ჩატარებას აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში განიხილავს. სამიტი 18–19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენშია დაგეგმილი.

WSJ-ის წყაროების თანახმად, მოსკოვის მიზანია ოთხწლიანი ომის დასრულებაზე ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც რუსეთის ინტერესებს მოემსახურება. გამოცემა ინიციატივას პუტინის მცდელობად აფასებს, ისარგებლოს ტრამპთან ურთიერთობების დათბობით, რაც უკრაინასა და მის მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს.

შემოთავაზებული შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე განიხილება.

„ასეთი სამიტი – უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობის გარეშე – უპრეცედენტო იქნება და ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების დედაქალაქებში განგაშის ზარებს დარეკავს“, – წერს Wall Street Journal-ი.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გამოცემას დაუდასტურა, რომ შესაძლო შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა თავად შეხვედრის ან მისი სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე უშვებს ასეთი შეხვედრის გამართვის ჰიპოთეტურ შესაძლებლობას“, – განუცხადა პესკოვმა Wall Street Journal-ს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპს სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია, თუმცა შესაძლოა, იდეა მისთვის მისაღები იყოს.