ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციული საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაცვის მხარის მოთხოვნა საქმის შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა და საქმე არსებითად განსახილველად გადასცა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მსჯავრდებულ ვასილ მხეიძის ჩვენებები იყო, რომლებსაც ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება უკავშირდება.
დაცვის მხარე ამ ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ საქმეს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები ყოფილი პრემიერის ბრალეულობას დაადასტურებს.
რას ედავება პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს?
ბრალდების ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სახელმწიფო შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მიღებული მილიონ 500 ათასი ლარიდან ნახევარი, 750 ათასი ლარი, ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა, დარჩენილი თანხა კი თავად დაიტოვა.
პროკურატურის თანახმად, აღნიშნული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს 6 მილიონ 985 ათას 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაცვის მხარე ბურჭულაძისა და მხეიძის ჩვენებებს ეჭვქვეშ აყენებს
ღარიბაშვილის ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ ბრალდების საფუძვლად გამოყენებულ ჩვენებებში კონკრეტული გარემოებები მითითებული არ არის.
მისი თქმით, ბურჭულაძის ჩვენებიდან არ ირკვევა, სად, როდის და რა ვითარებაში მოხდა თანხის სავარაუდო გადაცემა. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, ადვოკატის განმარტებით, ის უშუალოდ თანხის გადაცემას არ დასწრებია და მისი ჩვენება ირიბი ხასიათისაა.
„ბურჭულაძის ჩვენება ყოველგვარი კონკრეტიკისგან დაცლილია, შეიძლება ადამიანს არ ახსოვდეს, სად, როდის, რა ვითარებაში გადასცა თანხა? მსგავსს ვერაფერს ნახავთ. მხოლოდ იმას ამბობს, გადავეციო, მაგრამ რა ვითარებაში, არაფერია ნათქვამი. სამართლიანი სასამართლოს პირობებში დღესვე უნდა შეწყვეტილიყო ეს საქმე“, – განაცხადა აფციაურმა.
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბურჭულაძე და მხეიძე ნათესავები არიან და ორივე მათგანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ადვოკატის შეფასებით, მათთვის შეღავათების მიღების შესაძლებლობა ჩვენებების სანდოობის შეფასებისას გასათვალისწინებელია.
მიუხედავად დაცვის მხარის არგუმენტებისა, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი ვერ დაინახა.
სასამართლომ ღარიბაშვილის წერილი მტკიცებულებად არ მიიღო
სხდომაზე კიდევ ერთი სადავო საკითხი ყოფილი პრემიერის საჯაროდ გავრცელებული წერილი გახდა, რომელშიც მამუკა მდინარაძეა ნახსენები.
ადვოკატებმა წერილის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის განმარტებით, წარდგენილმა მასალამ მტკიცებულების დასაშვებობის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. მან ასევე აღნიშნა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა, თუ ის შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.
ლალი აფციაურის განცხადებით, წერილში დასახელებული გარემოებების გამო მამუკა მდინარაძე უნდა გამოეკითხათ.
„დავუშვათ, ღარიბაშვილმა უარი თქვა გამოკითხვაზე, მდინარაძე გამოკითხეს? მივიდნენ და მდინარაძემაც უარი თქვა გამოკითხვაზე?“ – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორ ანი ლეკიაშვილის განმარტებით კი, გამოძიების ფარგლებში არ დადასტურებულა ის გარემოება, რომლის შესახებაც მას წერილთან დაკავშირებით ჰკითხეს.
რატომ მოითხოვა პროკურატურამ სხდომის დახურვა?
სასამართლო პროცესის საჯაროობა მხარეებს შორის კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი გახდა.
ბრალდების მხარემ სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ამ ეტაპზე შესაბამისი აუცილებლობა ვერ დაინახა.
პროკურორ ანი ლეკიაშვილის თქმით, სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ სხდომაზე ისეთი საკითხები არ განიხილებოდა, რომელთა გამოც პროცესის დახურვა აუცილებელი იქნებოდა.
„ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მსგავსი საფუძველი არ იყო, რომ აუცილებელი ყოფილიყო სხდომის დახურვა“, – განაცხადა ლეკიაშვილმა.
დაცვის მხარე პროცესის საჯაროდ წარმართვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, აუცილებელია, საზოგადოებასა და მედიას ჰქონდეთ შესაძლებლობა, უშუალოდ დააკვირდნენ საქმის განხილვას.
„უმნიშვნელოვანესია პროცესის საჯაროდ ჩატარება. უნდა მიეცეს მთელს საზოგადოებას, მედიასაშუალებებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს თვალყური მიადევნონ პროცესს და თავიანთი თვალით იხილონ რა მოხდება პროცესზე“, – აღნიშნა ბარათაშვილმა.
დაესწრება თუ არა ღარიბაშვილი მომდევნო პროცესებს?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მისი ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო პროცესებზე პოზიცია შეიცვალოს.
სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის სასამართლოში გამოცხადება მნიშვნელოვანია, რადგან მას შესაძლებლობა ექნება, პირადად ისაუბროს იმ გარემოებებზე, რომლებზეც საჯაროდ უკვე გააკეთა განცხადება.
„ირაკლი ღარიბაშვილს მიეცემა შემდეგ სასამართლო სხდომებზე შესაძლებლობა. უნდა დაესწროს, ჩემი აზრით. ვნახავთ ამას [მოვა თუ არა]. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს. მიეცემა შესაძლებლობა მისცეს განმარტება იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო და რომელზეც მან გააკეთა განცხადება“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე შეფასებით, საქმე პოლიტიზებულია და ბრალდებას სათანადო სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს.
ლალი აფციაურის განცხადებით, დაცვის მხარე საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებისთვისაც ემზადება.
პროკურატურა: საქმეში არაერთი მტკიცებულებაა
დაცვის მხარის კრიტიკის საპასუხოდ, პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებას არ ეფუძნება.
პროკურორ ანი ლეკიაშვილის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 48 ტომისგან შედგება და მასში წარმოდგენილია როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ისე მოწმეთა ჩვენებები.
„სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის გამოკითხვის ოქმიც, თუმცა, სისხლის სამართლის საქმე 48 ტომია, შესაბამისად, ამ საქმეში არის არაერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც განაჩენს საფუძვლად დაედება, მათ შორის, წერილობითი, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები“, – განაცხადა ლეკიაშვილმა.
პროკურორმა განმარტა, რომ ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმების საფუძველი, მათ შორის, დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა იყო.
მისი თქმით, არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეები დაიკითხებიან და სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
„რაც შეეხება პროცესებს, დაიკითხებიან მოწმეები, გამოკვლეული იქნება მტკიცებულებები და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება“, – განაცხადა ლეკიაშვილმა.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე მეორე საქმე
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.
კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებული ახალი საქმის არსებითი განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ბურჭულაძისა და მხეიძის ჩვენებები, და დაადგინოს, დასტურდება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენილი ბრალდება.