21 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ფრანგული წარმოების სამკომპონენტიანი ვაქცინის – SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip-ის – 200 000 დოზა შეიძინა. უწყების ცნობით, ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორისაა.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.