საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდება.

საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. პირველ სხდომაზე სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო კვლავ შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე იმყოფება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

კონსტიტუციურ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მოსარჩელეები შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათი საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ:

  • „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის − გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;
  • „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;
  • „ფედერალისტური პარტია“;
  • „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის ავტორების მტკიცებით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან სისტემატურად უარყოფენ მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.

მოსარჩელეთა შეფასებით, ამ პარტიების საქმიანობა მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობრივი შეცვლისკენ, ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. სწორედ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ითხოვენ დეპუტატები მათი საქმიანობის აკრძალვას.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ხუთი პოლიტიკური გაერთიანება წლების განმავლობაში ერთნაირ პოზიციებს იკავებდა არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ სახელმწიფო ორგანოებთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ პარტიები საერთო პოლიტიკური მიზნებით მოქმედებდნენ და ქმნიდნენ კოალიციურ ერთობას, რომლის საქმიანობასაც ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად აფასებენ.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.