გერმანიის რამდენიმე ქალაქში ცხოვრების გაძვირებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ფრანკფურტში დემონსტრანტების ნაწილმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია და სავაჭრო ობიექტები გაძარცვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინციდენტები დაფიქსირდა ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგშიც. პოლიციის განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველებს ქვებს, ბოთლებსა და პიროტექნიკას ესროდა. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
შაბათს გერმანიის ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დღის განმავლობაში დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საღამოს ვითარება დაიძაბა.
აქციების ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „Gen Z regelt“.
მოძრაობის წევრები აპროტესტებენ ცხოვრების მაღალ ღირებულებას, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების არასაკმარის დაფინანსებას, სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლინა ფრიდრიხის განცხადებით, საპროტესტო გამოსვლების მიზანია მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და განათლების სისტემების უკეთესი მხარდაჭერა. ვეწინააღმდეგებით სავალდებულო სამხედრო სამსახურს და მხარს ვუჭერთ საზოგადოებაში ფინანსური ტვირთის უფრო სამართლიან განაწილებას“, – განაცხადა ფრიდრიხმა.
ფრანკფურტში პოლიციამ ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაკეტა. სამართალდამცველების ინფორმაციით, რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრიეს, ხოლო საგანგებო სამსახურების თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს.
პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს იარაღის მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრიეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ ორი იარაღი ამოიღეს.
ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა რომან პოზეკმა განაცხადა, რომ ფრანკფურტის საპროტესტო აქციაში დაახლოებით 100 მემარცხენე ექსტრემისტი მონაწილეობდა, რომლებმაც, მისი შეფასებით, დემონსტრაციის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინეს.
პოზეკმა ძალადობრივი ინციდენტები დაგმო და აღნიშნა, რომ გერმანიაში საფრანგეთის მსგავსი არეულობის განვითარება დაუშვებელია.
გერმანიის ხელისუფლების მონაცემებით, ფრანკფურტში, მიუნხენსა და ბერლინში გამართულ აქციებში ჯამში 18 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რაც ორგანიზატორების მიერ თავდაპირველად დასახელებულ რაოდენობაზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია. გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში ათიათასობით ადამიანი ჩაერთო.
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიმართა
გერმანიაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, საპროტესტო აქციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობდა.
საფრანგეთში ცხოვრების გაძვირებისა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაუარესების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში 320 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ეს საფრანგეთში ზედიზედ მესამე შაბათ-კვირა იყო, როდესაც მოქალაქეები მასობრივ საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ. დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნები განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო მომსახურების ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
აქციების უმრავლესობა მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ტულუზაში, ლიონსა და მარსელში დემონსტრანტების ნაწილსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
საფრანგეთის მასშტაბით 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ზოგიერთ ქალაქში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ერთ-ერთი პოლიციელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად დაშავდა.
საპროტესტო გამოსვლები გაიმართა იტალიაშიც, სადაც რომსა და ტურინში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაფიქსირდა.
პორტუგალიაში კი პოლიციამ კარვების ახალი ბანაკის დაშლა დაიწყო, რომელიც საცხოვრებლის ქირავნობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის შემდეგ მოეწყო. აქციის მონაწილეების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა ქვეყანაში არსებული საბინაო კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს.
ბოლო პერიოდში ახალგაზრდების მონაწილეობით მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ბელგიაში, ირლანდიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, სერბეთსა და ალბანეთშიც.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დემონსტრანტების მოთხოვნები ერთმანეთისგან განსხვავდება, საპროტესტო მოძრაობების ძირითადი საკითხებია ცხოვრების გაძვირება, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, განათლების ხარისხი და საჯარო მომსახურებაზე სახელმწიფო ხარჯების შემცირება.